არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მრჩევლის საერთაშორისო საკითხებში ტერი ბენჰემის
განცხადებით, ბოლო დროს დაფიქსირებული მაღალი ჯარიმები აღიქმება, როგორც სადამსჯელო და პოლიტიკური ქმედება.
როგორც ბენჰემმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობამ, შესაძლოა, პოლიტიკურ სუბიექტებზე გადაჭარბებული ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა დაუშვას, თუმცა, ბენჰემის განმარტებით, მსგავსი ფაქტები ვნებს წინასაარჩევნო პროცესების სანდოობის ხარისხს და აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება.
მისი თქმით, პოლიტიკურ სუბიექტზე დაკისრებული ერთ-ერთი ჯარიმა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე აშშ-ს ისტორიაში დაფიქსირებული სამი ერთად აღებული ჯარიმა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც აშშ-ში კონგრესის არჩევნების დროს დაფიქსირდა 33 ათას დოლარს შეადგენდა.
ამასთან, როგორც ბენჰემმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პროცესებში დაფიქსირსდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც, თუმცა, მას სადამსჯელო ღონისძიებები და რეაგირება არ მოჰყოლია.
„უკანასკნელ ხანებში დაფიქსირდა რამდენიმე მაღალი პროფილის გადაჭარბებული ჯარიმის დაკისრება, მაგალითად ერთ-ერთ პოპულარულ ფეხბურთელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის სადამსჯელო და პოლიტიკური ქმედება. ასევე, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსები, თუმცა, მასზე სადამსჯელო ღონისძიებები არ გვინახავს. ამის გამოტოვება და სხვა დარღვევებზე გამწვავებული რეაქცია შეუთავსებელია სამართლიანი არჩევნების არსთან“ - განაცხადა მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში.
