დედაქალაქის მერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ და მმართველი
პარტიის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ დღეს ისანში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, უგულავა და ვაშაძე ნავთლუღში ახალი, თანამედროვე რკინიგზის სადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მერიის ინფორმაციით, ისანში, ახალი სადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ბიზნესცენტრიც გაიხსნება, რაც რაიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ნავთლუღის მშენებარე სადგურის შემდეგ, გიგი უგულავამ და გიორგი ვაშაძემ ვაზისუბანში, წყლის ახალი რეზერვუარი დაათვალიერეს, რომლის ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ, მომავალი წლიდან რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება უწყვეტად მოხდება.
