ისრაელმა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ისრაელის მიერ ნეიტრალური დოკუმენტის აღიარების ფაქტს დადებით შეფასებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა ჰუმანიტარული ხასიათის საბუთია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისთვის იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ისრაელის მიერაა აღიარებული.
