საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტს უწოდებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტია.
მისი თქმით, ეს არის რეფერენდუმი იმისა, თუ რას მიაღწია ქვეყანამ ბოლო 8 წლის განმავლობაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ამ დროს სრულიად საქართველოს, ჩვენი ახალგაზრდობის, ყველა ჩვენგანის ბედი წყდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის სამტრედიაში 8-10 წლის წინაც დადიოდა, მაშინ როცა ქალაქი ჩაბნელებული იყო.
პრეზიდენტის თქმით, მას ძალიან კარგად ახსოვს კრიმინალების თარეში და კორუმპირებული ელემენტები, რომლებიც მოსახლეობას თავის ინტერესებს ახვევდნენ.
„ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა - არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა ვიდრე 8 წლის წინ იყო? და თუ არის არ გვაქვს ფუფუნება უკან დაბრუნების, არ გვაქვს ფუფუნება ძველი მუმიფიცირებული მოღვაწეების უკან მოყვანის, რადგან ჩვენი მარშრუტი აღმასვლა და განვითარებაა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს სამტრედიაში ადგილობრივებს შეხვდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე წარუდგინა.
