საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამტრედია სარკინიგზო ცენტრის ფუნქციას დაიბრუნებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„სამტრედია ყოველთვის იყო სარკინიგზო ცენტრი და ჩემი ბრძანებით, უახლოეს კვირაში გვინდა რკინიგზის სამმართველო აღვადგინოთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტი გაიხსნება, რომელიც ფაქტიურად სამტრედიის აეროპორტიც იქნება.
„კოპიტნარის აეროპორტი იხსნება უახლოეს დღეებში და ეს არის ფაქტიურად სამტრედიის აეროპორტიც. სამტრედია სარკინიგზოს გარდა, საავიაციო მიმოსვლის ცენტრიც უნდა იყოს და თქვენი აეროპორტიდან თვითმფრინავები ყოველდღე იფრენენ ბრიუსელის, ფრანკფურტის, მოსკოვისა და კიევის მიმართულებით“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ საქართველო ევროპას პირდაპირ დაუკავშირდეს.
