სააკაშვილი - საქართველოს საკუთარ კარში გოლის გამტანების დიდი ბრიგადა შემოესია
სააკაშვილი - საქართველოს საკუთარ კარში გოლის გამტანების დიდი ბრიგადა შემოესია
19:16 23.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც თავისი განცხადებებით  „საკუთარ კარში გოლის გატანას“ ცდილობენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ყველას, ვისთვისაც სულ ერთია, ომი საქართველომ დაიწყო თუ რუსეთმა, საკუთარ კარში გოლი გააქვს.

„ალბათ, სულ ერთია, ვის კარში გაიტან გოლს - შენი თუ მოწინააღმდეგე გუნდის“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოზე „შემოსეული საკუთარ კარში გოლის გამტანები ვერასოდეს გაიმარჯვებენ“.

მისი თქმით, ის, ვინც აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ცდილობს, გოლი საკუთარ კარში გაიტანოს.

„თუ ცდილობ, ყველაფერში, რაც საქართველოს თავს ბოლო წლებში დატრიალდა - ენერგეტიკური და ეკონომიკური ემბარგო, დაბომბვები, საქართველო დაადანაშაულო, ე.ი. ცდილობ, გოლი გაიტანო შენს კარში. დაგვბობმბეს, გადაგვიარეს, ასობით ბავშვი, ქალი და მოხუცი დაგვიხოცეს და მოყავთ ხალხი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას უჩივლა, თითქოს ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე მეტი გოლის საკუთარ კარში გატანა რაღა არსებობს“-განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში გადატანა გადაწყვიტა, რაც „საკუთარ კარში გატანილი გოლების ავტორებს“ არ მოსწონთ.

„ვისაც პარლამენტის შენობის გადატანა უნდა სამტრედიიდან შორს, მას უნდა გაიტანოს გოლი საკუთარ კარში“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ მეკარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი მერაბ ჯანელიძე იქნება, ამას ვერ მოახერხებენ.

ბეჭდვა