„ქართული ოცნება“ მთავარ ოფისზე ღობის მოხსნას ეუთო-ს დამსახურებად მიიჩნევს
„ქართული ოცნება“ მთავარ ოფისზე ღობის მოხსნას ეუთო-ს დამსახურებად მიიჩნევს
17:41 23.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ერეკლე მეორეს მოედანზე მდებარე ცენტრალური ოფისისთვის ხის ღობის მოხსნა მერიამ ეუთო-ს შესაბამისი  რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტა.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურში განუცხადეს, ოფისთან ცოტა ხნის წინ ღობის მოსახსნელად მისულმა მუშებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ თბილისის მერიის დავალებას ასრულებდნენ.

„ორი დღის წინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. როდესაც ოფისზე შემოვლებული ღობე და სამშენებლო ნაგავი დაინახეს, ძალიან აღშფოთდნენ. მათ თქვეს, რომ ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრებზე დააყენებდნენ. ოფისისთვის ღობის მოხსნას ჩვენ სწორედ ამ ფაქტს ვუკავშირებთ“-განუცხადეს „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურში.

მათი თქმით, აღნიშნულ შენობას ხის ღობე 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე შემოავლეს. კოალიციამ მისი აღების მოთხოვნით დედაქალაქის მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, ყოველთვის უარყოფით პასუხს იღებდა.

ბეჭდვა