კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის
განცხადებას - საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ლენინიზმის ნიშნებთან დაკავშირებით, უხერხულ გამონათქვამს და სისულელეს უწოდებს.
როგორც რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მილიორმა მტრებში არა ჩვენი თანამოქალაქეები, არმედ რუსეთი იგულისხმა.
„მტრებში მტრულად განწყობილი ქვეყანა - რუსეთის იმპერია იგულისხმება, რომელიც ცდილობს დაკარგული კოლონიების შეძენას“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში თავისი მარიონეტების დახმარებით კონტროლის აღდგენას ცდილობს.
„უხერხული გამოთქმაა და აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია ის. თუ ასე მოიხსენია ვინმემ, ეს სრული სისულელეა“-განაცხადა რურუამ.
მინისტრმა შემფასებლის მოტივაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ „როგორც ჩანს მან ლენინიზმის მნიშვნელობა კარგად არ იცის“.
რურუას განცხადებით, ლენინიზმი არათავისუფალ ქვეყანას, სიტყვის თავისუფლების არ ქონას და პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას ნიშნავს.
მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს ამას, რადგან, მისივე თქმით, სისულელე, სისულელეა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ლენინიზმის ნიშნებია. „საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს. ლენინიზმში ვგულისხმობ იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ ერთმანეთი გაანადგურონ. ამ ქვეყანაში არის განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ“ - განაცხადა მილიორმა.
