თინა ხიდაშელი საგარეჯოს რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
თინა ხიდაშელი საგარეჯოს რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
17:01 23.08.2012
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი იორმუღანლოს  თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლების მთავარი პრობლემა მიწის საკუთრება აღმოჩნდა, კერძოდ, მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მიწები, რომლებიც მესაქონლეობისთვის სჭირდებოდათ მათი საკუთრება არ იყო და გაიყიდა.

სოფლის პრობლემებზე საუბრის შემდეგ, ხიდაშელმა მოსახლეობას კოალიციის სოფლის განვითარების პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მიწების დაბრუნებას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას დაპირდა.

დეპუტატობის კანდიდატმა იორმუღანლოში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც მოინახულა.

ინციდენტი ბაზარში, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მოხდა. ხიდაშელის თქმით, კოალიციის წევრები მოვაჭრეებს სააგიტაციო მასალას ურიგებდნენ, ამ ყველაფერს კი, „ფსევდო“ „ინფო 9“-ის ოპერატორი იღებდა. როგორც მან განმარტა, შეხვედრას აკვირდებოდა 3 უცნობი. მოგვიანებით კი, უცნობმა პირებმა, რომლებიც იორმუღანლოს საკრებულოს წევრის ვაჟი და გამგებლის დისშვილი აღმოჩნდნენ, „ფსევდო“ „ინფო 9“-ის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის გამო, შსს-მ კოალიციის შტაბის ორი წევრი - მამედოვი და სულეომანოვი დააკავა, თუმცა, ხიდაშელის თქმით, მამედოვი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სულეომანოვი ინციდენტის მონაწილეთა გაშველებას ცდილობდა. დაკავებულებს სასამართლომ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ხიდაშელი უწყებათაშორისი კომისიისგან აღნიშნული ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

კოალიციამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გადასცა.

ბეჭდვა