გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი ვიზიტით ნიუქასლს ეწვია
მ.წ. 11 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი, ეკატერინე კოკაია ვიზიტით ეწვივნენ ქ. ნიუქასლს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ორმხრივი შევედრები გამართა ნიუქასლის ლორდ მერთან, დეივიდ კუკთან, ნიუქასლის საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
ელჩსა და ქალაქის ლორდ მერს შორის გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტენსიური თანამშრომლობისათვის კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში. ამასთან, განხილულ იქნა ქალაქებს შორის ბიზნეს კავშირების განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კავშირების გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას.
ამასთან, თამარ ბერუჩაშვილმა ნიუქასლის ლორდ მერს, დევიდ კუკს, გადასცა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის წერილი და ხელნაკეთი მედალიონი წმინდა შალვა ახალციხელის გამოსახულებით.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 30 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქ. ახალციხე წარმოადგენს მსოფლიო ახალციხეების ალიანსის წევრ ქალაქს.
ქ.ნიუქასლში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვიდა ნიუქასლის მერიაში გამართულ რიგით მეოთხე ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე - "“To support Children in Need", რომელთა ბენეფიციარებს მიმდინარე წელსChildren Hospice Tbilisi და Diabetes UK წარმოადგენენ. ხსენებული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით, ხაზი გაუსვა ახალციხისა და ნიუქასლის მრავალწლიან მეგობრობასა და კულტურული, ბიზნეს და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.
საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ახალციხეების ალიანსის ხელმძღვანელი, სიუ უილსონი, Diabetes UK-სა, ბიზნეს და საგანმანათლებლო წრეების, ასევე საერთაშორისო სააგენტოებისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ღონისძიების შემდეგ, ბრიტანეთში ქართული ღვინის გაერთიანება/გილდია ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ეწვია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ, ნიუქასლის უნივერსიტეტს, რომელიც ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების გაერთიანების,Russell Group-ის წევრია.
თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა გლობალურ საკითხებში უნივერსიტეტის ვიცე კანცლერთან, რიჩარდ დეივისთან და უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელთან, ალექს მორგანთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობის და გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
