პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ, ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობა იქნება.
კუკავა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება და შესაბამისად, ქართველ ხალხს საკუთარი ხმების დაცვა აქციებით მოუწევს.
მისი თქმით, არჩევნები უკვე წარმატებულად და კვალიფიციურად ყალბდება, რაც კუკავას განმარტებით იმაში გამოიხატება, რომ ყოველ მეორე ოპოზიციურ შტაბში დაკავებულია ოპოზიციის აქტივისტი და ჯარიმდებიან ოპოზიციური პარტიები.
„არჩევნები გაყალბდება, თუმცა, წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობისთვის მივდივართ, რათა მოვიპოვოთ ხალხის მხარდაჭერა. ვფიქრობ, 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე არჩევნების გაყალბება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს პროცესი აუცილებლად ბიულეტენების ჩაყრას არ გულისხმობს, გაყალბება უკვე მიმდინარეობს და ჩვენ ვატარებთ ისეთ არჩევნებს, როგორიც მსოფლიოს ყველაზე მძვინვარე დიქტატორებს შეშურდებათ“ - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, საეჭვოა ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები პოზიტიურად შეაფასოს.
როგორც კუკავამ აღნიშნა, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს მაინც პოზიტიურად შეაფასებენ, „თავისუფალი საქართველოსთვის“ გადამწყვეტი არა ევროპელი დამკვირვებლების შეფასებები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება. აქედან გამომდინარე, კუკავას თქმით, აუცილებელი გახდება ქუჩაში გამოსვლა.
„ჯერ გამოცხადებული არ იქნება არჩევნების შედეგები, როცა გარკვეული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეცვივდებიან ვიცე-სპიკერის კაბინეტში, დაიწყებენ მოლაპარაკებებს კომიტეტის თავმჯდომარეების კანდიდატებზე. ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დადგება და ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს დაიცავს“ - აღნიშნა კუკავამ და დასძინა, რომ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მსგავსად, „თავისუფალი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძემ უარი რეალური ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ თქვა. კუკავა დარწმუნებულია, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა რეალურ ოპოზიციურ ძალაში, პირველ რიგში „თავისუფალი საქართველო“ იგულისხმა.
