„ამომრჩეველთა ლიგისა“ და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა
„ამომრჩეველთა ლიგისა“ და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა
15:21 23.08.2012
საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის მიზნით, „ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ მონაცემები, ამომრჩეველთა  სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ ცესკო-სთვის გადაცემული სიის მონაცემებს არ ემთხვევა.

ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გუნცაძის თქმით, „ამომრჩეველთა ლიგამ“ ალტერნატიული „კარდაკარი“ თბილისსა და ზუგდიდში ჩაატარა და შედეგები ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შესაბამისი არეალის მონაცემებს შეადარა.

შედარების შედეგი ასეთია - ცესკოს მონაცემებით, გარდაცვლილია 2 ათას 756 ამომრჩეველი, „ამომრჩეველთა ლიგის“ მონაცემით კი, ამ კატეგორიაში 6 088 ამომჩეველია. ცესკო-ს მონაცემებით, დაუდგენელია 26 222 ამომრჩეველი, „ამომრჩეველთა ლიგის“ მონაცემით - 111 340. ცესკო-ს მონაცემებით, უცხოეთში იმყოფება 24 866 ამომრჩეველი, „ამომრჩეველთა ლიგის“ მონაცამებით კი, 43 914 ამომრჩეველი. სულ, აღნიშნულ კატეგორიებში ცესკო-სა და „ამომრჩეველთა ლიგის“ მონაცემებს შორის ცდომილება 107 498 ამომრჩეველია.

გუნცაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი - 300 000. მისი თქმით, ეს რეალურ მაჩვენებელზე 3,5-4-ჯერ დაბალია, ასევე, დაუზუსტებელია დაუდგენელ პირთა რიცხვი, რადგან ისინი სხვადასხვა კატეგორიაში არიან გაბნეული.

„აღნიშნული ორი კატეგორიის - უცხოეთში წასულების და დაუდგენლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად აპირებს ხმის მიცემას თავისი ზონდერ ჯგუფების საშუალებით. ასევე, ის მზადაა გააგრძელოს მიწერილი ამომრჩევლების გამოყენების 2008 წელს დაწყებული ბინძური ტაქტიკა“ - განაცხადა გუნცაძემ.

მისივე თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ „კარდაკარის“ მონაცემებს ხვალიდან საჯაროს გახდის და დაიწყებს დაუდგენელ პირთა გამოვლენის კამპანიას -„სად ცხოვრობ შენ“.

ბეჭდვა