ეუთოს უმაღლესი კომისარი ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების შესაძლო განადგურებას გმობს
ეუთოს უმაღლესი კომისარი ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების შესაძლო განადგურებას გმობს
13:03 23.08.2012
ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების  შესაძლო განადგურება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დარღვევა იქნება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელმძღვანელობას პატივი სცეს იძულებით გადაადგილებული პირების ქონებრივ უფლებებს.

ამის შესახებ აღნიშნულია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს სახელებს შეუცვლიან, ხოლო სახლებს - დაანგრევენ.

კნუტ ვოლებეკმა სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას მიმართა ქართული სოფლების განადგურების შესახებ გაკეთებული განცხადების დაზუსტებისა და სოფლებთან მიმართებაში მათი გეგმების შესახებ.

„ასეთი გეგმა, თუ ის განხორციელდა, იმ მცირე კვალს ამოძირკვავს, რაც ეთნიკური ქართველების სოფლებისგან შემორჩა სამხრეთ ოსეთში“ - აღნიშნავს ვოლებეკი.

მისი თქმით, ეს სახლები ამ სოფლების ძირძველ მაცხოვრებლებს კვლავაც ეკუთვნით და ისინი არ უნდა დაინგრეს.

ამასთანავე, ვოლებეკი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ უფლება საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ.

ვოლებეკი ასევე აღნიშნავს, რომ სოფლების განადგურება საერთაშორისო სამართლის დანაშაული იქნება.

„მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელმძღვანელობას და ამ რაიონის შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ იძულებით გადადგილებული პირების ქონებრივ უფლებებს და შეასრულონ თავისი ვალდებულება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“ - აღნიშნავს ვოლებეკი და მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ისედაც არასტაბილურ რეგიონში პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

მისი აზრით, თუ ეს გეგმა განხორციელდა, ის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ხელისშემშლელი იქნება.

ვოლებეკი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა სამხრეთ ოსეთის რეგიონს, ადგილზე შეისწავლის ვითარებას და ასევე, მას განიხილავს ცხინვალის ახალ ხელმძღვანელობასთან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში საუბარია რვა დასახლებაზე, მათ შორის, თამარაშენზე, ქურთაზე, კეხვსა და აჩაბეთზე. თიბილოვი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება.

ბეჭდვა