ჩიორა თაქთაქიშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამაც მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგები აღიარონ
ჩიორა თაქთაქიშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამაც მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგები აღიარონ
12:49 23.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, დეპუტატმა  ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ვიზიტის შეჯამებისას ხაზი გაუსვეს საქართველოში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონდებლო ბაზის გაუმჯობესების, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ხელის შეუწყოს თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ძალისხმევა უნდა მოიკრიბოს და არჩევნებამდე დარჩენილი დღეები იმისთვის გამოიყენოს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ხელი შევუწყოთ“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, ამ კუთხით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამაც მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედონ და არჩევნების შედეგები აღიარონ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციამ თბილისი დღეს, გამთენიისას დატოვა.

ბეჭდვა