საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა.
ზაზა გაბუნიამ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობაზე, რაც მოიცავს: რეგიონულ პოლიტიკას, დეცენტრალიზაციის რეფორმას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონული ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით დასახული გეგმების განხორციელებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაზე რომლის ფარგლებშიც კომიტეტმა მოისმინა დარგობრივი სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირების ანგარიშები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წლის სამოქმედო გეგმა კომიტეტმა ძირითადი პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრა, რომელთა შორის, უმნიშვნელოვანესი იყო დეცენტრალიზაციის რეფორმის დროულად და წარმატებით განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა. ანგარიშის მიხედვით, კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის 2018 წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი გამოდგა.
ზაზა გაბუნიამ კომიტეტის ანგარიშის წარდგენისას ასევე ხაზი გაუსვა კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტიურ თანამშრომლობას, რაც მისი განცხადებით გამოიხატება იმ ბევრ რეკომენდაციასა და დოკუმენტში რომელიც ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა და მისი ადრესატები იყვნენ მუნიციპალიტეტები.
ანგარიშის წარდგენისას ზაზა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მისი ინიციატივით დაფუძნებულ ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე“ საუბარს, რომელიც, საშუალებას აძლევს ქვეყნის ყველა დონის მმართველობას ერთ სივრცეში ისაუბროს იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელსაც თვითმმართველობები ადგილებზე აწყდებიან.
‘’უკვე გამართულმა ოთხმა ფორუმმა ცხადყო, რომ ფორმატი ძალიან საჭირო და სასარგებლო გამოდგა. ბევრ საკითხზე მიღწეული იქნა შეთანხმება და მოხერხდა რამდენიმე მათგანის დროულად გადაწყვეტა, ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. ასევე, გამოჩნდა მოქალაქეთა მზაობა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარების პროცესში’’ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათი ინიციატივით, პარლამენტმა ისტორიაში პირველად გამოიყენა მთავრობისადმი რეკომენდაციის უფლება და ევროპული ქარტიის დამატებითი, უტრეხტის ოქმის რატიფიკაცია მოხდა, რითიც საქართველო მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს შეუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში.
