ირაკლი კობახიძე: ფართო ჩართულობის საფუძველზე შემუშავდა ისეთი კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანა
ირაკლი კობახიძე: ფართო ჩართულობის საფუძველზე შემუშავდა ისეთი კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანა
16:17 03.10.2019
„კანონპროექტი შემუშავდა ძალიან ხანგრძლივი პროცესის საფუძველზე. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები და სწორედ, ასეთი ფართო ჩართულობის საფუძველზე შემუშავდა ის კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ეხება სამ ძირითად საკითხს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, იუსტიციის უმაღლეს სკოლას, დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს და თითოეული ამ მიმართულებით შეტანილია ფუნდამენტური ცვლილებები.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს, ხანდაზმულობის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ევროსაბჭოს არ ეკუთვნოდა.

„ეს იყო ნამდვილად ევროსაბჭოს რეკომენდაცია, რაც დასტურდება დოკუმენტურად და უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ გვქონდა საბოლოო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მყარი პოზიცია და დაადასტურა ის, რომ სწორედ მისი ინიციატივით აისახა შესაბამისი ცვლილება კანონპროექტში“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სამივე საკითხთან დაკავშირებით შედგა ძალიან ფართო კონსესუსი. მისივე თქმით, დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია ძალიან დეტალური კანონპროექტი.

„კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილია დისციპლინური სამართალწარმოების სახეები, რაც იძლევა ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ სწორად და ობიექტურად განხორციელდეს დისციპლინური სამართალწარმოება. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული დისციპლინური სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტური ცვლილებებია იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვნად იზრდება სკოლის დამოუკიდებლობის ხარისხი, სკოლის როლი მოსამართლეების მომზადების პროცესში და საბოლოოდ, მათი დანიშვნის პროცესში და ეს ცვლილებები შემუშავებული იქნა ძალიან ფართო კონსესუსის საფუძველზე“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებით, კერძოდ, გაუმჯობესებულია: გამჭირვალობის ხარისხი, ანგარიშვალდებულების ხარისხი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმირების წესი და ა.შ.

„ყველა ნაწილში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები შეტანილი ამ კანონპროექტის სახით და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ძალიან რეალურია და სწორედ ამის გამო მივიღეთ ჩვენი ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“ ,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბეჭდვა