ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს: თქვენი გამოსვლებით გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაჟღერებულ იმ მთავარ პრინციპებს, რომელი ნიშნავს სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს: თქვენი გამოსვლებით გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაჟღერებულ იმ მთავარ პრინციპებს, რომელი ნიშნავს სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას
16:00 03.10.2019
„თქვენი ამ გამოსვლებით გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაჟღერებულ იმ მთავარ პრინციპებს, რომელი ნიშნავს სასამართლო სისტემის მეტ გამჭვირვალობას, მეტ ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენ არ გაქვთ არც ინტერესი და არც სურვილი, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო მეტად გაძლიერებული მთელი რიგი დამოუკიდებლობის ხარისხის გარანტიებით. ეს არის ობიექტური რეალობა და ამიტომ არ გამოგივიდათ თქვენ ემოციური გამოსვლა“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი კოლეგები არ უერთდებიან არც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და რაც სამუშაო ჯგუფში, საბოლოოდ, პრეტენზია აღარ განუცხადებიათ.

„ახლა გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვენთვის ეს არ არის მისაღები. საზოგადოებამ იცის, რომ თქვენ არ ხართ ორიენტირებული იმისკენ, რომ ჩვენ გავატაროთ კიდევ უფრო მეტი დემოკრატიული რეფორმები და თქვენ, რა თქმა უნდა, ამაში არ იქნებით თანაზიარნი და ამიტომ მოგიწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მხარი არ დაუჭიროთ ამ პროექტს“ , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსიას და მიესალმებიან სამუშაო ჯგუფში შემავალი საერთაშორისო თანამეგობრობის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფართო კონსენსუსის შედეგად მიღებულ პროექტს.

„მათ ასევე მიაჩნიათ, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულია მათ მიერ შემოთავაზებული და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ის მთავარი რეკომენდაციები, რომელთა მიზანია მეტი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქართულ სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.






ბეჭდვა