ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებია.
ამის შესახებ მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს. ლენინიზმში ვგულისხმობ იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ ერთმანეთი გაანადგურონ. ამ ქვეყანაში არის განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ევროპისთვისაც და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
ამასთან, რიკარდო მილიორმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა მოსახლეობას საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნონ, რათა საზოგადოებას არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტონინო პიკულას შეფასებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს.
მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში, როგორც კანონმდებლობაში, ასევე, საარჩევნო სიებში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა, პრობლემები კიდევ არსებობს.
ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება.
