პრეზიდენტი სოფელ გორდში იმყოფება
პრეზიდენტი სოფელ გორდში იმყოფება
19:18 22.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხონის რაიონის სოფელ გორდში იმყოფება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან  საუბრისას აღნიშნა, დღეს გორდის კანიონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელზეც 5 მლნ ლარი დაიხარჯება.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კანიონი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოფლის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული კანიონი მსოფლიო სასწაულია. საქართველოში ძალიან ბევრი სასწაული გვქონდა, მაგრამ ამ სასწაულებს ხალხის საკეთილდღეოდ ვერ ვამუშავებდით. ჩვენ ხალხს ხელის გამართვა სჭირდება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ გაჭირვებაა, თუმცა, წელს ქვეყანაში 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოვა, ხოლო მომავალ წელს ეს ციფრი 6 მლნ-მდე გაიზრდება. ტურისტები მთელ საქართველოში უნდა გავანაწილოთ და მათ მიერ შემოტანილი შემოსავალი მთელ ქვეყანაზე გადავანაწილოთ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბევრი კურორტი კეთდება, მათ შორის წყალტუბოში, რომელიც ხალხს სიღარიბიდან ამოსვლაში დაეხმარება.

„გავაკეთეთ პრომეთეს მღვიმე. სათაფლიაც ძალიან კარგად გაკეთდა. დადიანების სასახლის პროექტი უკვე გამზადებულია ჩემი დავალებით და ის აღდგება. ეს კანიონი კი, აქ ყოველწლიურად ათობით და ასობით ათას უცხოელ და ჩვენი ქვეყნის ტურისტს მოიყვანს“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის ბევრი სასტუმრო უნდა გაიხსნას და ტურისტული მარშრუტები შეიქმნას.

მისივე თქმით, ტურისტებისგან მიღებული ფული გორდელებზე, ხონელებზე და იმ მოქალაქეებზე უნდა გადანაწილდეს, რომელთაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

პრეზიდენტის შეფასებით, ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში ყველაფერს უცხოელები აკეთებენ, მაგრამ სასტუმროების 95% ქართველების გახსნილია.

„ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს, უბრალოდ ცოტა ხელის შეშველება, ცოტა გადამზადება და უკეთესი გზები სჭირდებათ. აქ ისეთი სისტემა უნდა გავაკეთოთ, რომ სასტუმროების მშენებლობა ძალიან ადვილი იყოს. ჩვენ მოვიყვანთ გზებს, გაგიკეთებთ წყლის სისტემას ყველგან, სადაც არ არის. ამ კანიონის მშენებლობაში 5 მლნ-ს ვდებთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ხალხის ფულია, რომელიც ისევ მათ კეთილდღეობას ხმარდება.


ბეჭდვა