სურსათის ეროვნული სააგენტო „თეთრი პეპლის“ წინააღმდეგ წამლობაზე განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო „თეთრი პეპლის“ წინააღმდეგ წამლობაზე განცხადებას ავრცელებს
18:56 22.08.2012
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე, საშიში საკარანტინო მავნებლების - „თეთრი პეპლის“ მეორე თაობის წინააღმდეგ გეგმიურ წამლობას ახორციელებს.

როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარის მეშვეობით ხორციელდება. ღონისძიებამდე 1 დღით ადრე კი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენელები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ აფრთხილებენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძიმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 22 აგვისტოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წალენჯიხაში დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია 21 აგვისტოს მიეწოდა.

ამასთან, გაფრთხილება კიდევ ერთხელ უშუალოდ წამლობის დაწყების წინაც მოხდა, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხოა.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ნაჭყებიას შეხვედრა მოსახლეობასთან ჰაერში „ამერიკული პეპლის“ საწინააღმდეგო ნივთიერების გამოფრქვევის გამო შეფერხდა.

როგორც ნაჭყებიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, შემთხვევა სოფელ ჯგალში ამომრჩეველთან მისი შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ შეხვედრის ჩაშლის მიზნით, კოალიციის მხარდამჭერები ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ნივთიერებით „შეწამლა“.

„ხალხს ვესაუბრებოდით, როდესაც სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის კუთვნილი მანქანა გამოჩნდა, რომელმაც ჰაერში რაღაც ნივთიერება გაუშვა. შედეგად, იქაურობა კვამლით გაივსო. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ამერიკული პეპლის შესაწამლად იყენებენ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მანქანა სოფლის შესასვლელთან იდგა და ჩვენს გამოჩენას ელოდებოდა“-აღნიშნა „ნიუსპრესთან“ საუბარში ნაჭყებიამ.

მისი თქმით, შეხვედრის ადგილზე არც ერთი ხე არ დგას.

ბეჭდვა