მარიამ ჯაში გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას საყოველთაო ჯანდაცვის ისტორიული დეკლარაციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას უხდის
მარიამ ჯაში გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას საყოველთაო ჯანდაცვის ისტორიული დეკლარაციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას უხდის
14:13 01.10.2019
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველომ ჯანდაცვის პოლიტიკისა და კვლევების ალიანსთან და ჯანდაცვის სისტემების გლობალურ ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლა ექსპერტთა შეხვედრას “საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მიღწევა შეუძლებელია მტკიცებულებების გარეშე.”

შეხვედრა გახსნა მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯანდაცვის კომიტეტის წევრისა და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის რანგში. მისი მოხსენება შეეხო როგორც საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებებს, ასევე აღნიშნული წარმატებისა და არსებული გამოწვევების უკეთესად შესწავლისა და დოკუმენტაციის აუცილებლობას.


“საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შექმნა უნიკალური მონაცემთა ბაზა სამეცნიერო და ოპერატიული კვლევებისათვის. აუცილებელია უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რომ საქართველოს გამოცდილების უკეთესად შესწავლით შეიქმნას კვლევებზე დაფუძნებულ მტკიცებულებები” - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ გაერომ უნდა შექმნას ჯანდაცვის რეფორმებისა და პროგრამების შემუშავებისათვის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც დაეფუძნება არსებულ საერთაშორისო მტკიცებულებებს და კონკრეტული ქვეყნების გამოცდილებას.


შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ იუნისეფის ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი სფეტან პიტერსონი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროგრამის დირექტორი პროფ. სარა ბენეტი, ინდოეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემების რესურს-ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რაჯან ვედი და დორის დიუკის საქველმოქმედო ფონდის პროგრამების დირექტორი ლოლა ადედოკუნი.


გაეროში საქართველოს მისიამ ტაილანდთან ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გაეროში საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკური დეკლარაციის შემუშავების პროცესში, რომელიც 2019 წლის 23 სექტემბერს წარედგინა მსოფლიო ლიდერებს.


მარიამ ჯაში მადლობას უხდის გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას საყოველთაო ჯანდაცვის ისტორიული დეკლარაციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის.


აღნიშნულ პროცესს ხელმძღვანელობდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე. საყოველთაო ჯანდაცვის დეკლარაციის შემუშავებაში ასევე განსაკუთრებული როლი მიუძღვის ელენე აგლაძეს - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს და თამარ ჭელიძეს - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს.



ბეჭდვა