„ქრისტიან-დემოკრატების“თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ქრისტიან-დემოკრატების“თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
17:21 22.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთნ შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, დღეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი სამგორის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, ანიკაშვილმა პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ადგილობრივებს „ქრისტიან - დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

მისი თქმით, სამგორის მოსახლეობა ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს, რადგან მათი უმეტესობა დაუსაქმებელია და სახელმწიფო სამუშაო ადგილების შესაქმნელად არაფერს აკეთებს.

„სამგორის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს, რადგან საშუალო ასაკის ადამიანები დაუსაქმებლები არიან და შვილებისთვის განათლების მისაცემი თანხა არ აქვთ. პენსიონერებს კი, მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ და ამ ყველაფერთან ერთად, ყოველი თვის ბოლოს თითოეულ ოჯახს უსამართლოდ გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა უწევს“ - განაცხადა ანიკაშვილმა.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კი, 9 აპრილის ბაღში ათონელის, ბარათაშვილის, ორბელიანის, სულხანიშვილისა და ფურცელაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.


ზაზა გაბუნია 9 აპრილის ბაღში მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატების“ ოთხი ძირითადი შეთავაზების შესახებ ესაუბრა, რომელიც კომუნალურ გადასახადებზე იაფ ტარიფებს, კვოტირების სისტემით ახალგაზრდების დასაქმებას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას და კრწანისში ავარიული სანიაღვრე ქსელების მოგვარებას გულისხმობს.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ მეტრო „ნაძალადევთან“ სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენდა. სამუშიას თქმით, ნაძალადევის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ კომუნალური გადასახადები და დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადია.

მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გააკეთებს.



ბეჭდვა