პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს მათთვის კიდევ ორი ახალი ჯარიმა აქვს გამზადებული.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, ერთი ჯარიმა 75 ფიზიკურ პირს ეხება.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური იტყობინება, რომ ვითომ 75-მა ფიზიკურმა პირმა კოალიციას უკანონოდ შესწირა 570 ათას ლარზე მეტი და ამ თანხების შემომწირველებისთვის უკან დაბრუნებას ითხოვს. რაც შეეხება მეორე ჯარიმას, აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ვითომ დარღვეულია ერთი წყაროდან კანონით გათვალისწინებული 500 ათასიანი ზღვარი და შესაბამისად, 124 ათასი ლარის შემომწირველისთვის უკან დაბრუნებას ითხოვს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საუბარია სულ 700 ათასზე მეტ თანხაზე და თუ ამ შემოწირულობას კოალიცია უკან არ დააბრუნებს, მას ჯარიმის სახით 3,5 მლნ ლარი დაეკისრება.
ამასთან, ფანჯიკიძე განმარტავს, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა არ შეუძლიათ, რადგან მათ ანგარიშებს ინკასო ადევს, შესაბამისად, აგვისტოში განხორციელებული ყველა შემოწირულობა, კერძოდ კი, 122 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტშია მიმართული, ხოლო კოალიციის ანგარიშზე დარჩენილია 0 ლარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის, კანონით დადგენილ ხუთასიათასლარიან ზღვარს გადაჭარბებული თანხის შემომწირველებისთვის უკან დაბრუნების წინადადებით 17 აგვისტოს მიმართა.
განცხადების თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით 623,858,75 ლარი მიიღო. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა 123,858 ლარს შეადგენს.
