ირაკლი ღარიბაშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
16:50 30.09.2019
საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ელიზაბეთ რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხიც განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს.

ბეჭდვა