„ქართული ოცნება“ საარჩევნო ნომრის შეცვლას აღარ გაასაჩივრებს
„ქართული ოცნება“ საარჩევნო ნომრის შეცვლას აღარ გაასაჩივრებს
16:25 22.08.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას ნომრით „41“ მიიღებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“  პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მათთვის უკანონოდ ჩამორთმეული 7 ნომრის გამო, კოალიციას მატერიალური ზარალი მიადგა, რადგან დიდი რაოდენობით სააგიტაციო მასალა და მაისურები ჰქონდათ დამზადებული აღნიშნული ნომრით.

„არჩევნებს იგებენ არა ნომრები, არამედ პოლიტიკოსები, 7 ნომერი უბრალოდ კანონით გვეკუთვნოდა და მისი უკანონოდ ჩამორთმევის გამო კოალიციამ დიდი ფინანსური ზარალი ნახა, მაშინ, როცა ანგარიშები დაყადაღებული გვაქვს. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ სიხარულით შევხვდეთ ახალ ნომერს და საქართველოს მოსახლეობას ვპირდებით, რომ არჩევნებს 41 ნომრით მოვიგებთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დისკუსია დასრულებულია და მის გასაჩივრებას სასამართლოში აღარ გეგმავენ. ახალი ნომრით მაისურები და სააგიტაციო მასალები აღარ დამზადდება.

ბეჭდვა