პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კოალიციის
ლობისტად მოხსენიების გამო.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველოს მთავრობის განცხადებაში საყურადღებოა ერთი რამ, კერძოდ კი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოხსენებულია როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლობისტი, რაც არის აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი ფაქტი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერი დარწმუნებულია, რომ მთავრობის აღნიშნულ განცხადებას თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც გამოეხმაურება და გააპროტესტებს.
ამასთან, ფანჯიკიძემ განმარტა მთავრობის განცხადებაში კოალიციის დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალები.
კერძოდ, მისი თქმით, განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 44 მლნ ლარზე მეტი მიიღეს, საიდანაც 18 მლნ უკანონო შემოწირულობაა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს 2011 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე შემოწირულობის სახით მობილიზებული აქვთ 10 მლნ ლარი“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანონოდ ჩათვალა ბიზნესსუბიექტების მიერ კომერციულად მომგებიანი პროექტების დაფინანსებაც.
გუშინ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც დაგმობილია ხელისუფლების მხრიდან კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ანგარიშების დაყადაღება.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა კატეგორიულად უარყოფს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ გაყინა „ქართული ოცნების“ ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები და აცხადებს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიში არ არის გაყინული.
