დიმიტრი ცქიტიშვილი: ამ სანქციებში საქართველოს ჩამატების ალბათობა იმდენად დაბალია, რომ ჩვენ ამ დადგენილებით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება
დიმიტრი ცქიტიშვილი: ამ სანქციებში საქართველოს ჩამატების ალბათობა იმდენად დაბალია, რომ ჩვენ ამ დადგენილებით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება
17:10 26.09.2019
საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

სხდომის თავმჯდომარის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი დადგენილების პროექტით გათვალისწინებული სანქციებში საქართველოს ჩამატების ალბათობა იმდენად დაბალია, რომ ამ დადგენილებით შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, რადგან არსებობს რისკი.

"შესაძლებლობა, რომ დღეს, უკვე არსებულ სანქციებში, რომელიც 2014 წლიდან არის მიღებული ყირიმის ანექსიის შედეგად, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება 2008 წლის პროცესებს, კონკრეტულად ოკუპაციის ფაქტს და შემდგომ განხორციელებული ე.წ. შეთანხმებების გაფორმებას და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ამაზე არარეალისტურია სანქციებში საქართველოს ჩამატება.
ამ სანქციებში საქართველოს ჩამატების ალბათობა იმდენად დაბალია, რომ ჩვენ ამ დადგენილებით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. არსებობს რისკი. თუ ვერ გავიტანთ და ვერ მოვახდინეთ სანქციების სისტემაში საქართველოს დამატება, კიდევ უფრო ცუდ გზავნილს გავუშვებთ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარი ეხება საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შედგეს კონსულტაცია.

"ჩემი მოწოდება არის, როდესაც საქმე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება ჩვენ უნდა დავსხდეთ არა მაშინ, როდესაც რეზოლუცია არის უკვე ინიცირებული, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის იყოს კონსულტაცია. აქ მნიშვნელოვანი გარდატეხა არის საჭირო", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ერთობლივ რეზოლუციებზე.

"2016 წლის რეზოლუცია და "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას" სია, რომელშიც ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ საქართველოს პარლამენტის ძალიან პოზიტიური მაგალითი, რაც არც "ევროპული საქართველოსი" , არც "ნაციონალური მოძრაობის" და მათ შორის არც "ქართული ოცნების" არ ყოფილა. ეს იყო პოზიტიური მაგალითი, რომ პარლამენტი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს პარლამენტი ერთ პოზიციაზე დგას. ორივე რეზოლუციის მიღება მოხდა ერთობლივად, რადგან არ იყო მცდელობა საკითხი პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე ყოფილიყო დანახული", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მან დეოკუპაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
"იმის შეფასება, რომ ხელისუფლება ამ მხრივ არაფერს აკეთებს უბრალოდ არასწორია და ეს არის კონკრეტულად, შიდაპოლიტიკური დღის წესრიგზე ორიენტირებული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ის, ყველაზე მთავარი რაც არის ამ პროცესში - ეს არის დეოკუპაციის პოლიტიკა, რომელიც ცალსახად მიდის ძალიან წარმატებულად, იმიტომ რომ არცერთმა ქვეყანამ გარდა სირიისა, (და სირიის მაგალითს ვერ ჩავთვლით ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად), აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. სხვა შემთხვევაში, არანაირი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების აქტიურობის შედეგად, სხვადასხვა ფორმატებში მიღებულ რეზოლუციებსა და საერთაშორისო დადგენილებების რაოდენობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მრავალპარტიულ რეზოლუციაზე.
" წარმატებაა ისიც, რომ კონკრეტულად, ევროპარლამენტის რეზოლუცია შედგა, რომელიც, მრავალპარტიულია. ცალსახაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. ევროპარლამენტმა კონკრეტული შედეგები დაგვიდო და კონკრეტული შეფასებები გააკეთა იმ პროცესისა, რაც მიმდინარეობს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
სხდომის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური ძალები არსებობენ საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსი ქვეყნის უზენაესი კანონით აქვს განსაზღვრული.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც ანტიდასავლური ძალები გარკვეულწილად არსებობენ, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში და მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ბუნებრივია, ეს საქართველოშიც იქნება, იმიტომ, რომ საქართველოში პლურალისტული გარემო არსებობს და შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. უმრავლესობის პოზიცია დაფიქსირებულია არის საკონსტიტუციო ნორმაში, რომელიც გამყარებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური სტანდარტებით, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჯდება ხოლმე კონსტიტუციაში და პრაქტიკა ამას ცხადყოფს, ჩვენ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ნატოში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დღეს არის კონსტიტუციური ნორმა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.









ბეჭდვა