კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება
აღნიშნულ ცვლილებას თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები
ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განცხადებით, არა მხოლოდ დაზარალებულ ადამიანებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც გააჩნია ინფორმაცია რომ კონკურენცია იზღუდება, შეუძლია კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.
ხუროშვილის განმარტებით, რეფორმის პირველი ეტაპი კონკურენციის სააგენტოსათვის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება იყო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. რეფორმის მეორე ეტაპზე, მოხდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების გაზრდა. ის ჩაატარებს კერძო სექტორის მიმართულებების კვლევას.
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა.
