პრეზიდენტი ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტი ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
10:21 22.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის მომავალი ხელში არავის ჩაუგდონ.

როგორც პრეზიდენტმა ანაკლიაში Summer Job-2012-ის მონაწილეებს განუცხადა, ახალგაზრდებმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ.

„დღეს აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია ვაწარმოო, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. მე გთხოვთ, არავის არ გადააბაროთ თითოეული თქვენგანის ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი მომავალი“- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში რამდენიმე 21 წლის ახალგაზრდა იქნება.

მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს ისე, რომ 70-80 წლის განმავლობაში, ახალგაზრდებს სანანებლად ექცეთ ის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ვიღაცამ მათ ნაცვლად გადაწყვიტა ქვეყნის ბედი.

„თავისუფლების ფასი კარგად იციან ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ აქტიური. ყველა უნდა დავირაზმოთ, რათა არ ახდეს ჩვენი მტრის ოცნება და საქართველომ არ დათმოს თავისუფლება გარედან თავსმოხვეული რომელიმე პარტიისა თუ სუბიექტის სასარგებლოდ“- განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა