სამტრედიაში დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტის სერგო კიღურაძის დედამ მაია ახობაძემ შიმშილობა დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა ირაკლი კიღურაძემ განუცხადა, მაია ახობაძე შვილის დაკავებას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
მისივე ცნობით, მაია ახობაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, სერგო კიღურაძის დაკავების დროს მიღებული დაზიანებები ისევ აღენიშნება.
ირაკლი კიღურაძის ცნობით, მაია ახობაძეს გაბზარული აქვს ყბის ძვალი, 4 კბილი აკლია და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მისივე თქმით, ექსპეტიზის პასუხი მაია ახობაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯერ არ მიუღიათ.
„სერგო და თემურ კიღურაძეები უსამართლოდ არიან დაკავებულები. მაია ახობაძე მათ გათავისუფლებას მოითხოვს და იმ პოლიციელების დასჯას, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ირაკლი კიღურაძემ.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ სერგო კიღურაძის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ, შსს-ს ცნობით, კი სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს დავით კუხალაშვილს პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სერგო და თემურ კიღურაძეები ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული. სასამართლომ მათ 80 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
