არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია პარტიათა ქცევის დეკლარაციას ფორმალობას უწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია პარტიათა ქცევის დეკლარაციას ფორმალობას უწოდებს
16:42 21.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი უფლებადამცელი ორგანიაციები უწყებათაშორისი კომისიის  მიერ შემუშავებულ პარტიათა ქცევის შესახებ დეკლარაციას ფორმალობას უწოდებენ.

ამის შესახებ „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარის მაია ხარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, გიგა ბოკერიას მიერ წარდგენილი „საარჩევნო ქცევის კოდექსის“ შესახებ თამაშის წესები ხელისუფლების მიერ მისთვის ჩვეულ უკანონო ქმედებებზე უარის თქმის გარანტი ნამდვილად ვერ იქნება.

„ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ადამიანის უფლებების იგნორირება და მრავალი სხვა - ეს ხომ ამ ხელისუფლების ხელწერაა“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის თანათავმჯდომარის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების ინიციატივას უნდა გაემიჯნონ და აღნიშნულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერონ, რადგან სააკაშვილის გუნდი არანაირ თამაშის წესს არ ცნობს.

პარტიების ქცევის დეკლარაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა აღიარონ.

ბეჭდვა