„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, „მეცხრე არხი“ უარს ამბობს ეთერში იმ კლიპის გაშვებაზე, რომელიც კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას შეიცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მეცხრე არხის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდებას“ მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლის განთავსება გადაწყვიტა, თუმცა, იმის გამო რომ ვიდეოკლიპი „მეცხრე არხის“ მთავარი დამფინანსებლის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ეხება, ეთერში გაშვებაზე პარტიას უარი ეთქვა.
„მოვუწოდებთ „მეცხრე არხის“ მმართველობას გაითვალისწინოს კანონის მოთხოვნები, რომელიც კონკრეტულ ვალდებულებებს აწესებს, თუ როგორი პირობებით უნდა უზრუნველყონ სატელევიზიო არხებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი რგოლების განთავსება“- განაცხადა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არ არის ქვეყანაში თავისუფალი მედია აიტანოს.
