ბურჯანაძესთან გამართულ შეხვედრას ივანიშვილი კოალიციასთან შესათანხმებელ საკითხად არ მიიჩნევს
ბურჯანაძესთან გამართულ შეხვედრას ივანიშვილი კოალიციასთან შესათანხმებელ საკითხად არ მიიჩნევს
15:03 21.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა არ იყო ისეთი მნიშვნელობის, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილება მთელ კოალიციასთან ერთად მიეღო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა აღნიშნა, მისი და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეხვედრა კოალიციაში განხეთქილებას არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს.

„არ ვთვლი, რომ ეს იყო ისეთი მნიშვნელობის საკითხი, რომლის გამოც მთელი კოალიცია უნდა შევკრებილიყავით და ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიგვეღო. ის არის ჩვეულებრივი მოქალაქე, ჩვენს გუნდში კი, ნებისმიერს შეუძლია წინასწარი შეთანხმებების გარეშე გამართოს შეხვედრები“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბურჯანაძესთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს.

„ორივე ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და უკან არაფერზე დაიხევს“ - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა და დასძინა, რომ ბურჯანაძისგან შოკისმომგვრელი ინფორმაციები მოისმინა.

ბიძინა ივნიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრა 19 აგვისტოს შედგა.



ბეჭდვა