პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი დებატებში მასთან ერთად დაჯდება, უხერხულ კითხვებს არ დაუსვამს და შეცდომებს არ შეახსენებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზება - მათი საარჩევნო სიის პირველ ნომერთან ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დებატებში დაჯდომა, მისთვის მიუღებელია, რადგან ისინი მისი „წონისები“ არ არიან.
„დებატებში ბაქრაძესთან მონაწილეობა მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნება, რადგან ის ყველა კითხვაზე ერთი და იგივე პასუხს იძლევა და საერთოდ ამ კაცის ფუნქცია დღემდე ვერ გავიგე. რაც შეეხება მერაბიშვილს, იგი პრემიერ-მინისტრობის საპენსიო პოსტზეა გადაყვანილი. მერაბიშვილი ადრე თავად იყო პრემიერის უფროსი და პრემიერებსაც თავად ნიშნავდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ის შსს-დან გაუშვეს და ახალ პოსტზე დანიშვნით დააქვეითეს. შესაბამისად, მერაბიშვილი ჩემი წონის არ არის და მასთან დებატებში არ დავჯდები“ - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, დღეს ქვეყანაში ორი პოლიტიკური ძალა არსებობს სახელისუფლებო და კოალიცია „ქართული ოცნება“.
„პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, მე კი, კოალიციის ლიდერი ვარ, ამიტომ დებატებში სააკაშვილთან ერთად დავჯდები, თუმცა, ვიცი, რომ ის ამას ვერ გაბედავს. ამიტომ, მინდა სააკაშვილს საქმე გავუადვილო და პირობას ვდებ, რომ არცერთ უხერხულ კითხვას არ დავუსვამ და არც შეცდომებს შევახსენებ. მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე ვისაუბრებთ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ამასთან, დღეს ივანიშვილმა ხელისუფლებას ახალი რამ შესთავაზა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი მაინც ვერ გაბედავს მასთან დებატებში დაჯდომას, ის მზად არის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, არანაკლებ 7 და არაუმეტეს 12 კაცისა, ტელე-დებატებში მარტო შეხვდეს.
კოალიციის ლიდერის შეფასებითვე, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას შორის ფორმალური გამყოფი ხაზიც კი, მოიშალა და მმართველი ძალის სახით ქვეყანამ ახალი კომუნისტური პარტია მიიღო.
„პარტიასა და ხელისუფლებას შორის ფორმალური გამყოფი ხაზი, რომ მოშლილია ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, როდესაც სახალხო დღესასწაულები „ნაციონალური მოძრაობის“ პირად დღესასწაულებადაა ქცეული, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა. მმართველი პარტიის სახით, დღეს საქართველოში ახალი კომუნისტური პარტია მოგვევლინა“ -აღნიშნა ივანიშვილმა.
აქვე, კოალიციის ლიდერმა პრეზიდენტს და ხელისუფლებას მოუწოდა კანონის ჩარჩოში დროულად დაბრუნდნენ.
