ბიძინა ივანიშვილი - დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ერთადერთი კანონიერი ქმედება სააკაშვილის გადადგომა იქნება
ბიძინა ივანიშვილი - დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ერთადერთი კანონიერი ქმედება სააკაშვილის გადადგომა იქნება
14:19 21.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში 41 ნომრითაც  იგივე შედეგს მიიღებს როგორსაც 7 ნომრით მიიღებდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ცესკო-ს მიერ კოალიციისთვის საარჩევნო ნომრად 41-ის მინიჭების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

„ძალიან გაჭირვებულები არიან, გუშინ ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრაზე მკითხეს რატომ ვფიქრობ, რომ არჩევნებში ხმების 2/3-ს ავიღებთ. შეხედეთ ხელისუფლების ქმედებებს, როგორი შეშინებულები არიან და ანგრევენ ირგვლივ ყველაფერს. იმდენად შოკში არიან, რომ ყველაფერზე მიდიან ოღონდ კი, რამე დაგვიშაონ. ცესკო-ს გუშინდელი გადაწყვეტილებაც უკანონო იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ერთადერთი კანონიერი ქმედება იქნება სააკაშვილის გადადგომა, რათა ქვეყანას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება მიეცეს.

ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ცესკო-ს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ, კოალიციას მატერიალური ზარალი მიადგა, რადგან მას 7 ნომრით სარეკლამო პლაკატები, ბანერები და სხვა აქსესუარები უკვე ჰქონდა დამზადებული.

როგორც მან განაცხადა, ცესკო-ს გადაწყვეტილებას კოალიცია სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა, 7 ნომრის დაბრუნების იმედი მაინც არ აქვს.

„სარჩელს ფორმალურად შევიტანთ და სასამართლო გადაწვეტილებას დაველოდებით, რის შემდეგაც უკვე ახალი ნომრით ვიმოქმედებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ნომერს მნიშვნელობა არ აქვს და „ქართული ოცნება“ 41 - ითაც იგივე შედეგს მიიღებს.

ბეჭდვა