ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტის რიკარდო მილიორის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პარლამენტის
ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის ვიზიტი მოსამზადებელი ეტაპია არჩევნებისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დიდი მისიის ჩამოსვლისთვის.
წერეთლის თქმით, საუბარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და მიღებული საკანონმდებლო ბაზის საარჩევნო პერიოდში იმპლემენტაციას შეეხებოდა.
წერეთლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ ინფორმაციაზე რეაგირება ხორციელდება. მისივე თქმით, ყველგან, სადაც კანონი ითხოვს რეაგირებას, რეაგირება მოხდება.
„ყველა საკითხი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვას ან უკანონო გადაწყვეტილებებს შეეხება, შესაბამისი მექანიზმების საშუალებით გადაწყდება. არსებობს როგორც რეაგირების ისე პრევენციის მექანიზმები და ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს“- განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მორიგი შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გაიმართება.
