ივანიშვილი და კალაძე მზად არიან, კახეთში გუშინდელი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში თანხები ჩარიცხონ
ივანიშვილი და კალაძე მზად არიან, კახეთში გუშინდელი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში თანხები ჩარიცხონ
13:42 21.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე მზად  არიან, კახეთში გუშინდელი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ბიუჯეტში საჭირო ოდენობის თანხა ჩარიცხონ.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თანხების დამატებით გადასარიცხად აუცილებელია, ხელისუფლებამ ივლისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს რეალური კომპენსაცია მისცეს.

„მოვითხოვთ, კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რეალურად აუნაზღაურდეს მოსახლეობას. ეს ეხება როგორც წინა სტიქიის დროს დაზარალებულებს, ასევე, გუშინ მომხდარ სტიქიასაც. ხელისუფლებამ განმარტოს, რატომ არ აძლევს ხალხს ზარალის შესატყვის კომპენსაციებს, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გაჩნდა დამატებით“ - განაცხადა ივანიშილმა.

მისივე შეფასებით, დაზარალებულ რეგიონში მთავრობის წევრების მხოლოდ ჩასვლით ხალხს არ ეშველება და დაკარგული მოსავალი არ დაბრუნდება.

„თუ ხელისუფლება დაზარალებულებს რეალურ კომპენსაციებს დაურიგებს, მეც და კახა კალაძეც მზად ვართ მოვძებნოთ ირიბი გზები ბიუჯეტში შესაბამისი ოდენობის თანხების გადასარიცხად. ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს“ - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

ამასთან, ივანიშვილი ეჭვობს, რომ მის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული 80 მლიონი ლარი კომპენსაციებს იმიტომ არ მოხმარდა, რომ აღნიშნული თანხა რაიონების ადგილობრივ ბიუჯეტებში გადაირიცხა, რომელსაც ხელისუფლება საარჩევნოდ მოსყიდვებისთვის გამოიყენებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან მის მიერ გადარიცხული თანხის ანგარიშის მიწოდებას არ ითხოვს, მისი მოთხოვნა, მხოლოდ ზარალის შესაბამისი კომპენსაციის გაცემაა.


ბეჭდვა