ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური გაერთიანებებისთვის 32 პირის მიერ შეწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებას სწავლობს.
სამსახური განმარტავს, რომ მათ შორის 21-მა პირმა შემოწირულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განახორციელა, 6 პირმა თანხები „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს" შესწირა, ორმა - „თავისუფალ საქართველოს", სამმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დადგენის მეოთხე ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 10 აგვისტოს დაიწყო. სამსახური მოწმის სახით იმ შემომწირველებს დაკითხავს, რომელთა მიერ პოლიტიკური სუბიექტისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადგენა დამატებით შესწავლას საჭიროებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყველა პოლიტიკური გაერთიანება შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს. ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონით მონიჭებული უფლაბამოსილების ფარგლებში, მუდმივად ამოწმებს შემოწირულობების წარმომავლობის კანონიერების საკითხს“ - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
