პარლამენტში ფრაქციის ფორმატში პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატების
მოსმენა გრძელდება.
პრემიერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვებსა და შეფასებებს პასუხობს.
კითხვა-პასუხი ხმაურიან და დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.
16:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო − რეგიონების“ სხდომა დაიწყო.
დასმული კითხვები ძირითადად 20 ივნისის ღამეს შეეხებოდა.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაშავებული, მაკო გომურის კითხვა წაუკითხა. წერილში ეწერა, რატომ არიან აქციის დროს დაკავებულები ისევ ციხეში და რატომ არიან რეალური დამნაშავეები გარეთ. გიორგი გახარიამ ეს წერილი შეფასებად ჩათვალა და მასზე პასუხი არ გაუცია.
გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რომელსაც მისი თქმით, აწერია „არა ლეტალური“. ეს პრემიერობის კანდიდატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატმა კანდიდატს კითხვა დაუსვა, იცოდა თუ არა, რომ ტყვიებს "ნაკლებად ლეტალური" ეწერა.
გიორგი გახარიას ასევე დაუსვეს კითხვა, შეცვლიდა თუ არა რამიმე გადაწყვეტილებას 20 ივნისსთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ შეიძლება გარკვეული საკითხები სხვაგვარად მომხდარიყო, თუმცა არსებულ ტყვიებს ისევ გამოიყენებდა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე შეექმნებოდათ, რადგან სამართლებრივად ყველა გამოყენებული ტყვია დაშვებული იყო.
