„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძეა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძეა
10:47 21.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა.

მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში ის პოლიტიკაში ერთმა მისი ასაკის ადამიანმა მოიყვანა, რომელიც მისთვის პატრიოტიზმის მაგალითი იყო.

„აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის პროცესში ვმონაწილეობდით და მაშინ დავმეგობრდით. შემდეგ, მისი ინიციატივით მოვედი პარლამენტში. ჩემი პირველი „ნათლობა“ პოლიტიკაში მისი დამსახურებაა და ეს არასდროს დამავიწყდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანს ერთხელაც არ ჩაუხრია მუხლი“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ამიტომ, მისი თქმით, როდესაც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ფიქრობდა, სწორედ მისი ყველაზე ახლო თანამებრძოლი გიორგი ბარამიძე გაახსენდა.

პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბათუმი საქართველოს სავიზიტო ბარათია.

„ბათუმი მთელი ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის და პირადად ჩემი მთავარი სიამაყეა. მინდა გითხრათ, რომ დიდი გეგმები გვაქვს და უდავოა, რომ განვითარება ჯერ ყველას არ შეხებია. საიდანღაც უნდა დაგვეწყო და ჯერ პირველ ზოლს მოვკიდეთ ხელი“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩაბნელებული, ერთ-ერთი ყველაზე უიმედო, გაღატაკებული, დაშინებული და უპერსპექტივო ადგილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ, მისი შეცვლა პირველი ამოცანა იყო.

პრეზიდენტის განცხადებით, მათთვის, ვისაც დღეს დასაქმების პერსპექტივა არ აქვს გადამზადების ცენტრი იქმნება.



ბეჭდვა