საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის რამდენიმე უბანი დაათვალიერა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა ბათუმის არა მხოლოდ ის ლამაზი ადგილები დაათვალიეროს, რომლებიც უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, არამედ ის ადგილებიც, სადაც ტელე-კამერები არ აღწევს, მაგრამ თითოეული ბათუმელისთვის მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ბათუმის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული ზონის გასაუმჯობესებლად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით ახალი გამწმენდი ნაგებობა შენდება.
„ეს მთლიანად ცვლის ბათუმელების ცხოვრებას. აქ კეთდება წყალსადენისა და კანალიზაციის საუკეთესო სისტემა, ზღვაც გაიწმინდება და ძალიან სუფთა იქნება. აქ ისეთი ლამაზი ადგილებია, რომელთა მსგავსი არ არის არც საქართველოში და არც საფრანგეთში. უახლოეს დღეებში ვიწყებთ სტადიონის მშენებლობას, რაც ბათუმს არ ჰქონდა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, როდესაც ბულვარი 7 კილომეტრით გაგრძელდება, კიდევ 30-40 სასტუმროს აშენება გახდება შესაძლებელი.
„აქ კიდევ იმდენი საჯარო სივრცე შევქმენით, რომ პრეცედენტი არ ვიცი. ის, რაც არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, ახლა კეთდება. ძალიან კარგია ისიც, რომ აჭარის ცენტრალური უწყებები ქალაქის სიღრმეში გადავიდა. საბჭოთა პრინციპებით იყო, რომ ყველაფერი ზღვის პირას უნდა მდგარიყო“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა. მისი თქმით, მომდევნო ოთხ წელიწადში ბათუმის ის ნაწილიც აღორძინდება, რომელსაც აღმშენებლობა ჯერ არ შეხებია.
