„პირველ რიგში, მინდა ბატონი მამუკა ბახტაძის მიმართ გამოთქვა ჩემი პირადი გულწრფელი
მადლობა რამდენიმე საკითხის გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ხელისუფალი შეიძლება აკრიტიკო და ბუნებრივია, ჩვენს მთავრობასა და მის კონკრეტულ შემადგენლობასაც ძალიან ბევრი საკრიტიკო ჰქონდა და ეს კრიტიკა არასოდეს დაგვიშურებია და გვქონია როგორც შიგნით ასევე, გარეთ“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
„მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩემი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, კოლეგებიც დამეთანხმებიან, იმსახურებს მადლიერების გამოთქმას ამ ადამიანის მიმართ რომელმაც თამამი ნაბიჯები გადადგა. კონკრეტულად ითქვა და კიდევ ერთხელ ვიტყვი - საბანკო სექტორი. ბუნებრივია არავინ შეიძლება იყოს საბანკო სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საბანკო სექტორის პრინციპების დანერგვა და ასეთი თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გადაიდგა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს აუცილებლად მოიტანს გარკვეულ შედეგებს უახლოეს მომავალში. მესმის ისიც, რომ შესაძლებელია ასეთ თამამ ნაბიჯებს გარკვეული რისკები და გარკვეული ხარვეზებიც მოჰყვეს, მაგრამ ეს იმ პროცესის შემადგენელია, რომელიც ნებისმიერ თამამ გადაწყვეტილებას თან სდევს“-აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, განათლების საკითხი - რომელიც ყველა მთავრობის, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი საუბრის თემა არის, „მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ვერც ერთი მთავრობის დროს ვერ გადაიდგა და დღეს, ჩვენ შევძელით ის, რომ მანკიერი წრე დაგვერღვია და როგორც მინიმუმ, საშუალო განათლების სისტემაში დაგვეწყო ის ფინანსური ინვესტიციები ისეთი ფორმით, რომ გახდეს პრესტიჟული საშუალო განათლება, გახდეს პრესტიჟული სამასწავლებლო პროფესია და დაიწყოს ადამიანების მომზადება უფრო ძლიერი ასე ვთქვათ, ადამიანური კაპიტალის განვითარება და განათლების მიღებისთვის უფრო ძირეული საფუძვლების შექმნა.
შრომითი უფლებების დაცვა ძალიან ჩამორჩენილია საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაცვის თვალსაზრისით იყო სერიოზული პროგრესი და აქაც მინდა ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო. ჩვენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მივიღეთ მანამდე, სანამ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი თუმცა, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მას მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ გამოუთქვამს და მთავარი ის არის, რომ აღსრულების პროცესი, რომელიც ძალიან რთულია, რომელიც ნელა მიდის, რომელსაც წინააღმდეგობები აქვს, მას ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მე პირადად ყოველთვის მიგრძვნია ბატონი მამუკას მხრიდან და დღესაც, როდესაც ჩვენ ასობით სამშენებლო ობიექტი შევამოწმეთ, დღესაც, დაახლოებით 150- 200 ობიექტს შეჩერებული აქვს საქმიანობა და რამდენი ადამიანი გადავარჩინეთ ამას ვერასდროს ვერ დავთვლით, მაგრამ ფაქტიურად მაინც გადავარჩინეთ. ეს აუცილებლად, საბოლოო ჯამში, გამოჩნდება წლის შედეგებში, როდესაც რეალური სტატისტიკა გვეცოდინება და ამაში ცალსახად მერიასთან, კახა კალაძესთან ერთად, ბატონმა მამუკამ დაგვიჭირა მხარი და შევქმენით ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელიც უკვე და რამდენიმე თვეა მუშაობენ და ამ პრობლემას ძალიან მნიშვნელოვნად ვფიქრობთ რომ გარდავტეხავთ“-აცხადებს დეპუტატი.
