ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, უნივერსიტეტმა რეაორგანიზაციასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვის წინ ოფიციალურად მხოლოდ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა.
მისი თქმით, 25 ლექტორის უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„25 ლექტორის უნივერსიტეტიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აღნიშნული ლექტორებიდან რამდენიმე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ისინი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. 25-ვე ლექტორი ჩვენთან მოწვევით მუშაობდა და შტატის მუდმივი თანამშრომლები არ არიან“ - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ისინი უნივერსიტეტში სემესტრიდან სემესტრამდე პერიოდში ასწავლიდნენ.
„სამართლებრივად, ისინი ამ წუთას ჩვენი თანამშრომლები არ არიან, რადგან სემესტრი არ დაწყებულა. მათ ჩვენთან ახალი ხელშეკრულებები არ აქვთ. შესაბამისად, საიდან წავიდნენ გაუგებარია“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე განცხადებით, 25 ლექტორიდან რამდენიმემ უნივერსიტეტთან მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„ამ ეტაპზე, საგნები უკვე დაკომპლექტებულია. ლექტორებთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება გვაქვს. აღნიშნული 25 ლექტორიდან თანამშრომლობის სურვილს თუ რომელიმე გამოთქვამს, უნივერსიტეტი მათთან მომავალი თანამშრომლობის ფორმებსა და შესაძლებლობებს გადახედავს“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
25 ლექტორის მიერ ილიას უნივერსიტეტიდან პროტესტის ნიშნად წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
