საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ცესკო კანონის ინტერპრეტაციას ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული
ოცნებისთვის“ განსხვავებულად ახორციელებს.
როგორც დღეს ჟურნალისტებს საიას იურისტმა ლელა ტალიურმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ცესკო ერთი და იგივე საკითხს 2010 წელს სხვაგვარად განმარტავდა, ხოლო წელს ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისთვის“ სხვა ინტრეპრეტაციას იყენებს.
ტალიურის განმარტებით, ოცნების ლიდერებთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცესკო-ს 2010 წლის დადგენილებები გადაეცათ, როცა მან პარტიებს სასურველი ნომერი მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკში ახლადდაფუძნებული პარტიებიც შედიოდნენ.
„ამ შემთხვევაში, ცესკო ეუბნება კოალიციას, რომ ბლოკში შემავალი ყველა პარტია უნდა იყოს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი, ახალი შექმნილია, თუმცა, 2010 წლის დადგენილებით, ცესკო-მ სამ შემთხვევაში რიგითი ნომრები იმ ბლოკს, რომელთა შემადგენლობაშიც ახლადდაფუძნებული პარტიებიც შედიოდნენ, საარჩევნო ნომერი სურვილის მიხედვით მიანიჭა“ - განაცხადა ტალიურმა.
„საიას“ პოზიციას იზიარებს „ახალი თაობა ახალი ინიციატივას“ თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავაც. მისი თქმით, ცესკო-ს მხრიდან ადგილი აქვს კანონის სხვაგვარ ინტერპრეტაციას, რაც არ უნდა ხდებოდეს და მსგავსი ტიპის აჟიოტაჟის გამომწვევი არ უნდა იყოს.
„იმედი გვაქვს, ცესკო გაითვალისწინებს ამ გარემოებებს, რადგან „ქაართული ოცნება“ უკვე რამდენიმე თვეა ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას 7 ნომრით“-განაცხადა ჩაჩავამ.
