პრეზიდენტის თქმით, კახეთში ყურძნის ჩაბარება მაღალი ფასით უნდა მოხდეს
პრეზიდენტის თქმით, კახეთში ყურძნის ჩაბარება მაღალი ფასით უნდა მოხდეს
18:17 20.08.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კახეთში ყურძენის ჩაბარება მაღალი ფასით უნდა მოხდეს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტი კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილსა და კახეთში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.

„რთველის დაწყების შემდეგ ყურძნის ჩაბარების დროს არ უნდა იყოს რიგები და რაც ყველაზე მთავარია, ერთობლივი ღონისძიებებით უფრო მაღალი ფასი უნდა „დავიჭიროთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს სოფლის მეურნეობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის გატანის შესაძლებელობები იზრდება, შესაბამისად მევენახეობის განვითარების სტიმულირებაც უნდა მოხდეს.

„ახლა თბილისის მერიასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას, რომ მევენახეს მოსავლის გასაღება არა მხოლოდ ქარხანაში, ასევე, თბილისის ბაზრებშიც შეეძლოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა და ღვინიაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, კახეთში წელს რთველი ნაადრევად, სიღნაღიდან და დედოფლისწყაროდან დაიწყება.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, კახეთში სტიქიის დროს მოსავლის ნაწილის განადგურების გამო, წელს 120 ათასი ტონის ნაცვლად, 80-90 ათასს ტონა ყურძენს ელოდებიან, რომელსაც 55 ქარხანა ჩაიბარებს.

ბეჭდვა