კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დებატებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია და არა მათი სიის პირველი ნომერი.
პრესსპიკერის თქმით, თუკი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აღარ არის, ამის შესახებ კოალიციას დროულად შეატყობინონ და სხვა ვერსიებს განიხილავს.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი, მერაბიშვილი ახლაც პრემიერია. აქამდე, ეს თანამდებობა საპენსიო თანამდებობას გავდა. თუ ახლა რაიმე შეიცვალა, ანუ მერაბიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრი - ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს, ეს სხვა ვითარებაა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უარს იტყვის „ქართული ოცნების“ ლიდერთან დებატებზე, ბიძინა ივანიშვილი მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ 6-7 კაციან ჯგუფს დაუჯდეს დებატებში.
პრესსპიკერის თქმით, „ქართული ოცნება“ დადგენილ ვადებში წარადგენს მაჟორიტარი კანდიდატების სიას და სიის პირველ ნომერს დაასახელებს.
მისი თქმით, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ამ ადგილს აუცილებლად „ქართული ოცნების“ ღირსეული წარმომადგენელი დაიჭერს.
