კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ 7 ნომრის დაკარგვის შემთხვევაში, სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციას 7 ნომრით დიდი სააგიტაციო საქმიანობა აქვს გაწეული. ამასთანავე, წინასაარჩევნო ატრიბუტიკა - მაისურები, ბანერები, პლაკატები და გაზეთები 7 ნომრითაა დაბეჭდილი.
ხიდაშელის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკო „ქართული ოცნებისთვის“ 7 ნომრის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მიიღებს, ბიუჯეტს კოალიციისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევს.
ხიდაშელის განცხადებით, მას შემდეგ რაც კოალიციამ 7 ნომრის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ცესკო-ს არც პირდაპირ და არც ირიბად არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხოლო თუ პრობლემა არსებობდა, ცესკო ვალდებული იყო ამის შესახებ „ქართული ოცნებისთვის“ ეცნობებინა.
ხიდაშელის თქმით, კოალიციის წარმომადგენლებმა ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს.
„ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი პოზიცია და ის სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც გვავქვს. ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს. კანონი თუ რაიმე ინტერპრეტაციას საჭიროებს, ეს უკვე გაკეთებულია ადგილორივი არჩევნების დროს. ასე რომ, არავითარი საფუძველი ცესკოს არ აქვს“-განაცხადა მან.
