პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი, მოქმედი პრემიერი ვანო მერაბიშვილია.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოპონენტებს დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება. სატელევიზიო დებატებს კი, ამ მხრივ, პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნა მან.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოპონენტებს - ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერობის კანდიდატებს და სიის პირველ ნომრებს დებატებში იწვევს. შესაბამისად, მისივე თქმით, დებატებისთვის მზად არიან დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი.
