ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია და საარჩევნო ბლოკებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურა განმარტა.
ცესკო-ს განცხადებით, იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი დაიტოვოს, ბლოკის წევრ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე“ - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ამის დასტურად ცესკო-ს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები მოჰყავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ორი საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, რეგისტრაცია გაიარეს ბლოკმა - „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“, რომელშიც შედიან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ და ბლოკმა - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, რომელშიც გაერთიანდნენ: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“.
საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება 19 აგვისტოს დასრულდა.
ამასთან, ცესკო-ში გრძელდება პარტიების რეგისტრაციის პროცესი. განაცხადები რეგისტრაციაზე სულ - 41-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შემიტანა. დღეისთვის ცესკო-ში უკვე 29 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, 8-ს - უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
