ივანიშვილი - მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი „ჯავახკის“ ხელმძღვანელი ძველ პოზიციაზე უარს ამბობს
ივანიშვილი - მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი „ჯავახკის“ ხელმძღვანელი ძველ პოზიციაზე უარს ამბობს
13:56 20.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი „ჯავახკის“  თავმჯდომარე ლორიკ კარაპეტიანი თავის ადრინდელ პოზიციებზე უარს ამბობს.

ივანიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯავახკი“ აკეთებდა განცხადებებს, რომლებსაც პირადად ის და კოალიციის სხვა ლიდერები არ იზიარებენ.

„კარაპეტიანმა თავისი ადრინდელი გამონათქვამები განმარტა და განაცხადა, რომ ეს იყო გამოწვევა იმდროინდელი ხელისუფლების იდეოლოგიის და პასუხი გარკვეულ კითხვაზე. დღეს მას აბსოლუტურად ქართველური პოზიციები აქვს, ისეთი, როგორიც ჩვენს სახელმწიფოს შეეფერება“-აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი კარაპეტიანის ადრინდელ შეხედულებებს „წარსულის შეცდომები“ უწოდა და განაცხადა, რომ იმ პოზიციებზე, რომლებიც საქართველოსთვის მისაღები არ არის, ის უარს ამბობს.

„დღეს მას აბოლუტურად ჩვენი სახელმწიფოს შესატყვისი პოზიციები აქვს“-აღნიშნა მან.

ლორიკ კარაპეტიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ დღეს წარადგინა. როგორც კოალიციის ლიდერმა განმარტა, კარაპეტიანს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, ამასთან, ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა. გარდა ამისა, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი 1992 წლიდან „ჯავახკის“ წევრი, ხოლო 2002 წლიდან დღემდე აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ბეჭდვა